guriis mxare  
  
 
 
 
 
 

guriis istoria
გურია - საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ეგრისის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი.

istoria

გურიაში ქვედა პალეოლითიდან მოყოლებული ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალია დადასტურებული. ძველი ქვის ხანის ნაშთები ხვარბეთ-ნაღობილევშია აღმოჩენილი. დგინდება კულტურათა თანმიმდევრული განვითარების პროცესი, რაც ბრინჯაოსა და შემდგომი ხანის მთელ მანძილზე გრძელდება. ადრენეოლითური პერიოდიდან მოყოლებული მჭიდროდაა დასახლებული ანასეული I და II და გურიანთა. ანასეული I ადრენეოლითური უკერამიკო კულტურის ძეგლია, ანასეული II და გურიანთა კიწარმოადგენენ გვიან, განვითარებულ ნეოლითს, სადაც ქვის იარაღებთან ერთად გვხვდება გამომწვარი თიხის ჭურჭელი, კაჟის, რიყის ქვისა და ობსიდიანისგან დამზადებული დანები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სათლელები, სატეხ-სასრესები, ცულები, კაჟის ისრისპირები, წერაქვის მსგავსი იარაღები, ხელჩაქუჩები, შურდულის ქვები. უმეტესობა შემკულია ტალღისებული, ჭდეებიანი და ფოსოებიანი ორნამენტებით. შუა ბრინჯაოს ხანისაა ურეკის განძი, ხოლო გვაინ ბრინჯაოს პერიოდს მიუეკუთვნება მელექედურის, ბაღდადის, ვაკიჯვრის, შრომის, მაკვანეთის და ლაითურის განძები.

ურეკ-წვერმაღალაში აღმოჩენილი მასალა ასახავს ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრისა და I ათასწლეულის I ნახევრის პერიოდს, როდესაც დასავლეთ საქართველოში ძლიერდება კოლხას სამეფო და რკინის წარმოება. ძვ. წ. VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კოლხას მემკვიდრე სახელმწიფო ეგრისის სამეფო, რომლის შემადგენლობაშიც იყო მოქცეული გურიის ტერიტორია.

გურიის ტერიტორია და განსაკუთრებით მისი სანაპირო ანტიკური ხანიდან გამოიყენებოდა ვაჭრობის მიზნით. მდინარეების, სუფსა (მოგროსი) და ნატანები (ისისი) პირველად მოხსენიებული აქვს ბერძენ გეოგრაფ ფსევდო სკილაქს კარიადნელს, აგრეთვე ფლავიუს არიანეს. ახ. წ. მეოთხე საუკუნეში გეოგრაფმა კასტორიუსმა ამ მდინარეთა შესართავები დაიტანა რუკაზე „Tabula Peutingeriana“. ეს მდინარეეები სხვებთან ერთად ანტიკური პერიოდიდან აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოსთან. ამ გზით გაჰქონდათ ბიზანტიელებს ნედლეული და შემოჰქონდათ ნაწარმი.

გურია ლაზიკას სამეფოს წიაღში ჩაისახა და მისი დაშლის შემდეგ რიონსა და ჭოროხს შორის ტერიტორია ერგო, მაგრამ მისი ტერიტორია ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა. ეს მხარე ლაზიკის სხვა რეგიონებთან შედარებით დაუსახლებელი ყოფილა. გურიას არ იცნობენ აგათია სქოლასტიკოსი და პროკოპი კესარიელი. გურიის დაწინაურება ქვეყნის ფეოდალიზაციასთან ერთად ხდება და ის ბიზანტიის გავლენის საწინააღმდეგოდ მიმართული აქტი იყო. ამ დროს ამ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობდა იბერიზაციის პროცესები, ხდებოდა ჭანური ეთნოსის გაქართება. VII საუკუნის პირველ ნახევარში აღმოსავლურ ქართული ეთნიკური ჯგუფების ამ რეგიონში დიფუზიის შედეგად ხდება გურიის ჩამოყალიბება. ქართლი კულტურულად და ეკლესიურად დასავლეთ საქართველოში იჭრება გურიის გზით.

გურიის დაწინაურება ძირითადად VII-VIII საუკუნეებში ხდება. ამ პერიოდს უკავშირდება საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების გაძლიერება გურიაში. გურია, ამ სახელით პირველად ცნობილი ხდება VIII საუკუნიდან. მას იხსენიებს ჯუანშერ ჯუანშერიანი, რომელიც ჩამოთვლის საქართველოს კუთხეებს, გადმოსცემს მეფე არჩილის მიერ გურია-საბერძნეთის საზღვარზე ციხის მშენებლობის ამბავს და მურვან-ყრუს ლაშქრობის აღწერის დროს (735-737).

„წამოვიდა არჩილი, დაეულფა ეგრისს და აღაშენა ციხე საზღვარსა ზედა გურია საბერძნეთისა“ (ჯუანშერი)

X საუკუნეში ჩნდება ექადიის, უდაბნოსა და ეწერის ეკლესიები. თამარ მეფის ისტორიკოსი მეფის ერთ-ერთი დარბაზობის აღწერის დროს იხსენიებს გურულებს.

guriis saerisTavo

ფეოდალურ ხანაში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. გურიის პირველი ერისთავი ვარდან ვარდანისძეა. ის მოხსენიებულია ჯუმათის ასომთავრულ წარწერაში, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნით დაათარიღა გიორგი ჩუბინიშვილმა. წარწერა წმინდა გიორგისადმი ვედრების ხასიათისაა. მავედრებელია გურიის ერისთავთ-ერისთავი: „ახოვანო მხედარო ქრისტესაო, შემწე ეყავ მონასა შენსა ერისთავთ-ერისთავსა ვარდან ვარდანიძესა ამინ“. გურიის ერისთავთ-ერისთავების რეზიდენცია ლიხაური იყო. შემორჩენილია ივანე ვარდანისძის, მარუშიან ვარდანისძის, ბეშქენ ვარდანისძის (გურიელის) და მისი ძის, მიქაელის სახელები. XIII-XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ერისთავთ-ერისთავები იყვნენ. ვარდანისძეებმა გურია საერისთაოდ მიიღეს 1361 წლის შემდეგ, როცა აჯანყებულ სვანთა ერისთავს ბაგრატ V-მ სვანეთი ჩამოართვა და გურია უბოძა. გურიის ერთ-ერთი პირველი ერისთავი უნდა ყოფილიყო სიმონ I გურიელი. ის გურიის ერისთავი იყო დაახლოებით XIV საუკუნის 60-იან წლებში. გურიელი პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილებია და ბერად აღკვეცილა. XV საუკუნეში გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს ინიციატივით დაარსდა შემოქმედის ეპარქია. სავარაუდოდ მათვე დააარსეს ჯუმათის საეპისკოპოსო და ხინოწმინდის საეპისკოპოსო. გურიელების საგვარეულოს ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა კახაბერ I გურიელი, რომელიც იწოდებოდა ერისთავთერისთავად და 1483 წელს გარდაიცვალა.

XIII-XV საუკუნეებში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ვენეციელი და გენუელი ვაჭრებთან. მათ ფაქტორიები ჰქონდათ გახსნილი ფოთსა და გურიელის სარეზიდენციო პუნქტ ბათუმში. ეს ურთიერთობები დასტურდება 1290, 1386-87, 1464 წლებით დათარიღებულ საბუთებში. ქ. კაფის სანოტარო აქტებში აღნუსხული სავაჭრო გარიგებების თანახმად გენუელებს გურიაში ჩაჰქონდათ თევზი, ქსოვილი, მარილი, ხელოვნური ნაწარმი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობდნენ ცვილს, ტილოს, ღომს, ხე-ტყეს. 1444 წელს გურიელის გამგებლობაში მყოფ ბათუმის პორტთან გამოჩნდა ბურგუნდიელების ფლოტი ჟოფრუა დე ტუაზის სარდლობით ქალაქის გასაძარცვად, მაგრამ გურიელმა დაამარცხა ისინი და ბევრი მათგანი ჩაიგდო ტყვედ.

guriis samTavro

XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა. გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია. 1474 წლის 29 ივნისს გურიას ვენეციის რესპუბლიკის ელჩი სპარსეთში, ამბროზიო კონტარინი ეწვია. მან დაათვალიერა და აღწერა ქვემო გურია, ბათუმი, ციხისძირი. XV საუკუნის 70-იან წლებამდე ხდება გურიის საეპისკოპოსოების შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოს დაარსება და ქუთათელის საწმყსოსგან გამოყოფა, რაც გურიელების გაძლიერებას ნიშნავდა.

გურიის სამთავროს დამუკიდებლობა იწყება კახაბერ II გურიელის დროიდან, როდესაც ის დაუპირისპირდა ერთიანი საქართველოს სამეფოს უკანასნელ მეფეს, გიორგი VIII-ს. მეფის წინააღმდეგ ის სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-ს დაეხმარა. ამის შემდეგ გურიის სამთავრო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა, ყვარყვარესგან კი საჩუქრად აჭარა და ჭანეთი მიიღო 1463 წელს.

1502 წელს აჭარა და ჭანეთი მზეჭაბუკ ათაბაგმა ოსმალეთის დამხარებით წაართვა გურიელს. 1533 წელს ოდიშის მთავართან ერთად მამია I გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. XVI საუკუნეში როსტომ გურიელი (1534-1566) იმერეთის მეფეს აქტიურად ეხმარებოდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. იმერეთის მეფემ დახმარების სანაცვლოდ მას 1535 წელს აჭარა და ჭანეთი დაუმტკიცა, თუმცა რეალურად 1547-51 წლებში ჭანეთი ოსმალეთმა მიიტაცა და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდა. ამის შემდეგ გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რასაც ხელი შუწყო სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. როსტომ გურიელის ძე, გიორგი II გურიელი უკვე ოსმალების დახმარებით ხდება გურიის მთავარი.

XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). ნაოსნობისთვის გამოსადეგი მდინარე სუფსა ხელს უწყობდა სამთავროს პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში. სუფსის ზოლში გაფენილი სოფლების, მამათის, ჩოჩხათის, კონჭკათის მცხოვრებლები საკმაოდ გაწაფულნი იყვნენ ნაოსნობასა და ტვირთმზიდაობაში, რის გამოც სპეციალური ბეგარაც ჰქონდათ დაკისრებული.

ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და რეჩ პოსპოლიტასთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. 1627 წლით თარიღდება ცნობა გურიის სამთავროსა და კაზაკების ურთიერთობის შესახებ. ესაა მისიონერ პიეტრო დელა-ვალეს მოხსენებითი ბარათი რომის პაპ ურბან მერვესადმი. 1616-27 წლებში კაზაკები გაბატონდნენ შავ ზღვაზე, ცხრაჯერ გაილაშრეს ოსმალთა წინააღმდეგ და ცხრაჯერვე დაამარცხეს ისინი. გურიის მთავარი კაზაკებს უთმობდა საკუთარ ნავსადგურებს ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 1654 წელს კაზაკებმა ოსმალებისგან გაათავისუფლეს ქვემო გურიის გონიოს ციხე. კაზაკებთან ურთიერთობამ დატოვა სიტყვა „ყაზახი“, „კაძახი“ გურულ დიალექტში. პიეტრო დელა ვალე სწერდა რომის პაპს, რომ გურიელი და დადიანი, რომლებიც ზღისპირეთს ფლობენ, ჩვენთვისაც სსარგებლონი იქნებიან, თუ ოსმალეთის წინააღმდეგ საქმეს წამოვიწყებთო. რეჩ პოსპოლიტასთან გურიის სამთავროს ურთიერთობას ადასტურებს გურიაში, სხვადასხვა სოფლებში ზედუბანი, ჭანჭათი, მაკვანეთი, ოზურგეთი აღმოჩენილი რამდენიმე პოლონური მონეტა, რომლებიც 1624-27 წლებშია მოჭრილი სიგიზმუნდ III ვაზას მიერ. 1634-40 წლებში გურიაში იმყოფებოდა მისიონერი კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც გურიელი მთავრების, ასევე გლეხების და ადგილების ჩანახატები დატოვა. კასტელი გურიაში შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით ჩავიდა, ხოლო იქიდან ის 1640 წელს ვახტანგ II გურიელმა განდევნა.

XVII საუკუნის II ნახევრიდან სამთავრო ტახტზე გურიელს ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. გურია 1670-იან წლებში ოსმალეთს ხარკად აძლევდა 10-20 წლის 56 ქალ ვაჟს. ამავე საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. სხვა ქართველ მთვრებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამავე პერიოდში გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა აჭარა, რომელიც ოსმალეთმა დაიპყრო.

მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: დემეტრე გურიელი, გიორგი III გურიელი, მამია III გურიელი და გიორგი IV გურიელი ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის მეფესთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 წელს დასავლეთ საქართველო დაარბიეს. გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები: 1723 წელს გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ.

XVIII საუკუნის შუა წლებში გურიის სამთავრო გაძლერდა მამია IV გურიელის მთავრობის დროს. ის ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმალურ ღონისძიებაში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ. მამია IV, ასევე მისი მოქიშპე ძმა, გიორგი V გურიელი აქტიურად მონაწილეობდნენ 1768-1774 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნი წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდან უკანგაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი.

ქუჩუკ-კაინარჯის ზავის შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქვემო გურია გამოგლიჯა. საზღვარი მდინარე ცხრაფონაზე გადიოდა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1784 წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878 წლამდე ოსმალეთის ხელში იყო.

XVIII საუკუნის მიწურული და XIX საუკუნის დასაწყისი გურიაში შინააშლილობით გამოირჩეოდა. 1792 წელს გარდაიცვალა მთავარი სიმონ III გურიელი. მემკვიდრე მამია სამი წლის იყო, რითაც ისარგებლა მისმა ბიძამ, ვახტანგმა და სოლომონ II-ის დახმარებით დაიკავა მთავრის ტახტი. სიმონისა და ვახტანგის კიდევ ერთი ძმა, ქაიხოსრო, გელათში ბერად იყო აღკვეცილი და შემოქმედის ეპისკოპოსად კურთხევისთვის ემზადებოდა. 1797 წელს დაუბრუნდა ერისკაცობას, გადააყენა ვახტანგი და გახდა ტახტის მემკვიდრე მამია გურიელის რეგენტი. ვახტანგ III გურიელი განაგრძობდა ბრძოლას ხელისუფლებისათვის. მან თავის ცოლისძმას, დიმიტრი ორბელიანს სთხოვა ქართლ-კახეთის სამეფოს დედოფალ დარეჯანთან ეშუამდგომლა, რათა ამ უკანასკნელს სოლომონ II-ისთვის ვახტანგის ტახტზე დაბრუნება ეთხოვა, მაგრამ თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ვახტანგი იყო მისი მცირეწლოვანი ძმის, ლევან გურიელის მეურვე, მაგრამ როდესაც ლევან გურიელი 18 წლის გახდა, ვახტანგმა მამულები არ დაუბრუნა, მეტიც, შეაგულიანა ლევანის აზნაური ბერეჟიანი, რომელმაც აჭარიდან რაზმი გადმოიყვანა და ლევანის მამულები ააოხრა, ხოლო თავად კი საჯავახოში შეკრიბა ლაშქარი და ლევანს დარჩენილი მამულები წაართვა. ლევანმა და ქაიხოსრომ მოილაპარაკეს და შეიპყრეს ვახტანგი, მაგრამ სოლომონ II-ის ჩარევით ქაიხოსრომ ვახტანგი გაათავისუფლა. ვახტანგმა ახალციხის ფაშა სელიმ ხიმშიაშვილს, შეაფარა თავი. ქაიხოსროს თხოვნით 1804 წელს სელიმმა იგი შეიპყრო, მაგრამ სოლომონ II-ისა და პავლე ციციანოვის თხოვნით გაათავისუფლა. ვახტანგმა 1804 წლის 3 იანვარს წერილი მისწერა ციციანოვს და სთხოვდა რუსეთის ქვეშევრდომობაში გურიის მიღებას, თანაც ეუბნებოდა, რომ მხარს უჭერდნენ გურიის საზღვაო ზოლის მეპატრონე ნაკაშიძეები. ვახტანგი ჯერ თბილისში ციციანოვს ეახლა, შემდეგ კი სოლომონ II-ს და 1805 წელს საბატონიშვილო მამულიც დაიბრუნა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის რეგენტობის დროს გაუმჯობესდა. ქაიხოსრომ გაამაგრა შემოქმედის ციხე და აქცია საკუთარ რეზიდენციად. მან აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. მან 1804 წელს ოფიციალურად ითხოვა რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შესვლა. 1804 წლის 25 აპრილს ელაზნაურის შეთანხმებით რუსეთმა გურია ქვეშევრდომობაში მიიღო, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი. ცნობა ელაზნაურის შეთანხმების შესახებ გურიაში 1804 წლის 29 მაისს მიიღეს.

ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. მან დაიწყო მცდელობა, მარტოს გაეფორმებინა ხელშეკრულება რუსეთთან. ამისათვის გურიელი დიდ დახმარებას უწევდა რუსეთის სარდლებს ფოთის აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის სოლომონ II-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ებრძოდა სოლომონს. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.

მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა ტყვეებით ვაჭრობას, მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი. 1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მაგ. 1815 წელს 10 ივნისს ქობულეთის ბეგის შვილი ტრაპიზონის სურასკირის სეიდ სულეიმან ფაშის დავალებით 500 კაცით შეიჭრა გურიაში და გაძარცვა ოზურგეთი.

1819-1820 წლებში იმერეთისა აჯანყების დროს აჯანყების ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. 1820 წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. იმერეთსა და გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები (13200 ქვეითი, 7 ზარბაზანი, 150 ცხენოსანი) გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო გრიგოლეთი, ნიგოზდიდი, გურიის სამთავროს სიმაგრეები. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.

1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური ბაზრობა ნაგომარში, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სახელმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა მმართველთა საბჭოს, რომელშიც ექვსი წევრი შედიოდა და რომელსაც მამია გურიელის ქვრივი სოფიო გურიელი თავმჯდომარეობდა. მმართველთა საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. მას სურდა, რომ თავად ყოფილიყო მთავარი და აღდგენილიყო მამია გურიელის დროინდელი ორგანოები და მართვის წესი. სოფიომ ამას ვერ მიაღწია. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. რუსეთის მთავრობამ გურიის მმართველთა საბჭოს სათავეში ჩაუყენა რუსი ოფიცერი, წევრებად კი რუსეთის ერთგული აზნაურები დანიშნა. სოფიო გურიელი 1829 წელს გარდაიცვალა, ხოლო გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა.

ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შედგენისას, რუსეთმა მოითხოვა და ოსმალეთმა დაუთმო მას მთელი ტერიტორია ჭოროხამდე, მაგრამ ხელშეკრულებაში და საზავო რუკის შედგენის დროს, საზღვარი გაყვანილ იქნა მდინარეთა სახელწოდების შერევის გამო არა მდინარე ჭოროხთან, არამედ მდინარე ჩოლოქთან. ამ საზღვის მიხედვით, ქვემო გურია დარჩა ოსმალეთს. შეცდომა შეამჩნიეს ხელმოწერისა და დამტიცების შემდეგ, მაგრამ უკვე გვიან იყო ამ საკითხის ხელახლა აღძვრა.

ruseTis imperiis SemadgenlobaSi

1829-1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1832 წლის 25 იანვარს ნიკოლოზ I-მა შეიწყალა ოსმალეთში გაქცეული გურული თავად აზნაურები. გურიაში დაბრუნდა 9 თავადი, 27 აზნაური 58 გლეხი, შემოქმედის არქიმანდრიტი ანთიმოზი და ერთი მღვდელი. მათ შორის დაბრუნდნენ დავით და ეკატერინე ბატონიშვილები. დავითი პეტერბურგში გაგზავნეს სამხედრო სასწავლებელში. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. მეცხრამეტე საუკუნის გურიაზე მრავალი უცხოელი მოგზაურის ცნობა არსებობს. 1831 წელს გურია მოინახულა შვეიცარიელმა არქეოლოგმა და მოგზაურმა, დიუბუა დე მონპერემ (1798-1850), რომელმაც აღწერა ვაშნარი, გურიის ძველი დედაქალაქი. იმავე ხანებში მოგზაურობდნენ იოჰან გიულდენშტედტი, გერმანელი მეცნიერი და მოგზაური (1745-1781), ჟაკ ფრანსუა გამბა, ფრანგი კონსული თბილისში, მოგზაური და მწერალი (1763-1833) და სხვები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ გურიის გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური მხარის შესწავლით. გიულენშტედტის ცნობით გურიაში 5000 ოჯახი ცხოვრობდა.

ოზურგეთის მაზრა რომელსაც ჩამოაცილეს ქობულეთი, წინანდელ გურიასთან შედარებით შემცირდა. დარჩენილი მთელი გურიის სივრცე შეადგენდა 1980.16 კვ. კმ, ზედ დასახლებული 88,760 სული მკვიდრი, ანუ 43,8 კაცი კვ. კმ-ზე. მოსახლეთი. სამაზრო საზღვრებს წარმოადგენდა: სამხრეთით - მდ. ჩოლოქი და აჭარა-გურიის მთა; დასავლეთით - შავი ზღვა; ჩრდილოეთით - რიონი, რომელიც სამეგრელოდან ჰყოფს გურიას და აღმოსავლეთით - ნიგოითის მთა, აჭარა-გურიის მთიდან გამომავალი, რომელიც გურიას იმერეთისაგან ჰყოფს. 1831 წელს, როცა რუსეთმა გურია შემოიერთა, გურიის მკვიდრნი აღუწერიათ, როგორც დიუბუა ამბობს. მაშინ გურია ორ სამოურაოდ იყოფოდა: ერთი იყო ოზურგეთისა და მეორე - ნაგომარისა. ოზურგეთის სამოურაოში ცხოვრობდა 18430, ხოლო ნაგომრისაში - 18270 სული. ამ ანგარიშით ყოველ კვადრატულ კილომეტრზე (დიუბუას მთელი სივრცე მაშინდელი გურიისა 1,800 კილომეტრად აქვს აღნიშნული) 20.39 სული მოდიოდა. გურია დაიყო გურიანთის, ოზურგეთის, ბახვის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ნაგომრისა და აკეთის უჩასტკებად.

რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამას თან ერთვოდა ბატონყმობის პრობლემა. ერთი გლეხი ერთსადაიმავე დროს ეკუთვნოდა და ბეგარას უხდიდა 2-3 და ზოგეჯერ ოთხ ბატონს. გარდა ამისა, არსებობდა ყმის ყმობა, როდესაც ბატონის კუთვნილ ყმას თავის მხირვ საკუთარი ყმები ჰყავდა. 1840-იან წლებში ფიქსირდება ყმებით ვაჭრობის რამდენიმე ფაქტიც. ყმებს ფლობდნენ ეკლესია-მონასტრებიც. 1860 წელს მხოლოდ შემოქმედის და ჯუმათის მონასტრების ყმების რაოდენობა შეადგენდა 3789 სულს, რაც იყო მაზრის მთელი მოსახლეობის 8%. 1850-1851 წლებში გამოსვლები მოაწყვეს სოფელ შემოქმედის გლეხებმა დიანოს სურგულაძისა და გოგია მამაკაიშვილის ხელმძღვანელობით. 1862 წელს აჯანყდნენ ბახვის, აჭის, ლიხაურის, გურიანთის, მაკვანეთისა და ბაილეთის გლეხები. 1865 წლის 13 ოქტომბერხ ოზურგეთის მაზრაში გაუქმდა ბატონყმობა. XIX საუკუნის შუა წლებში გურიის მოსახლეობა 50 000 ადამიანს აღწევდა.

guria yirimis omSi

ყირიმის ომის დროს გურია ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო. ომის დაწყების წინ გურიის ტერიტორიაზე განლაგებული იყო რუსეთის იმპერიის ძალები გენერალ ბრუნერის მეთაურობით: ფეხოსანთა პოლკის 3 ბატალიონი და შავიზღვისპირეთის სახაზო 12 ბატალიონი ოთხი სამთო ქვემეხით აკეთში, შავიზღვისპირეთის 9 სახაზო ბატალიონი გურიანთაში და ბრესტის ფეხოსანთა პოლკის მე-4 ბატალიონი ოთხი მსუბუქი ქვემეხით ნიგოითის სიმაღლეებზე. მის გასაძლიერებლად ოზურგეთში შეიყვანეს 2 ასეული კაზაკი.

ოსმალეთის იმპერიის ძალები შემდეგი იყო: ბათუმში ომარ ფაშას მეთაურობით იდგა 60 ათასიანი კორპუსი, 20 ათასიანი კორპუსი მუსტაფა ფაშას მეთაურობით იდგა მდინარე ჩოლოქთან, ქაქუთში იდგა 3 ათასიანი რაზმი ჰასან-ბეგ თავდგირიძის და შერიფ ბეგ ხიმშიაშვილის მეთაურობით, ლეღვაში იდგა 3 ათასი კაცი კეი ოღლის, ჰასან ბეი მუტი ოღლის და ალი ბეგ ლივანელის მეთაურობით, ანასეულის საგუშაგო ხაზზე იდგა 1500 კაცი ოსმან ბეის მეთაურობით, ჩურუქ-სუში განლაგებული იყო 7 ათასიანი კორპუსი, 13 საველე და 20 საცხენოსნო ზარბაზანნით. მათ მეთაურობდა სერასკირი სელიმ ფაშა, ციხისძირში იდგა 15 ზარბაზანი, 250 ნავ-ხომალდი და სამი ფრგატი. აქვე ელოდებოდნენ 2 გემსა და 12 სამხედრო ხომალდს. შეკვეთილში იდგა 4 ათასი კაცი 4 ზარბაზნით ლივა ფაშას სარდლობით. შეკვეთილის პირდაპირ ბატარიასთან და ლიმანის გამაგრებულ ბანაკში 4 ათასი თურქი დიდი ყალიბის 5 ზარბაზნით. ოსმალების სამხედრო მიზანი იყო შესულიყვნენ გურიაში ხმელეთიდან და ზღვით რედუტ-კალესა და სოხუმ-კალეში.

1853 წლის 15 ოქტომბერს შეკვეთილში წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თავს დაესხა თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი ჰასან-ბეგ თავდგირიძის მეთაურობით, სულ 5 ათასი კაცი. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსი ეგერები და გურულთა სახალხო ლაშქარი, სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული. გურულებს მამა-შვილი გიორგი და ესე გურიელები მეთაურობდნენ. 7 საათი მიდიოდა ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა გიორგი გურიელმა სარდლობა 16 წლის შვილ ესეს გადაულოცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და გმირულად დაიღუპნენ გიგინეიშვილი და წითლიძე. 1854 წლის 19 აპრილს გურული მოლაშქრეები ურიადნიკის თანხლებით იყვნენ ზღვის სანაპიროს შემოვლაზე და გადააწყდნენ ოსმალოთა რაზმს. ოსმალებმა გახსნეს ცეცხლი. ერთი მოლაშქრე მოკვდა, ორი დაიჭრა. მილიციონერებს დაეხმარა პროპორშნიკი გიგო ჯაყელი. ყაჩაღები გაიქცნენ დიდი დანაკარგების ფასად.

1854 წლის მაისში გურიაში ქაქუთიდან შევიდა ოსმალთა 34 ათასიანი მხედრობა. მათ მუშირ-სელიმ ფაშა სარდლობდა. კორპუსში შედიოდნენ ჰასან-ბეგი თავდგირიძე და ეგვიპტის ლივა ფაშა. გენერალ-ლეიტენანტმა ივანე ანდრონიკაშვილმა უკან დაიხია. სელიმ-ფაშა კორპუსის ერთი ნაწილით, 12 ათასი კაცით უკან დაედევნა ანდრონიკაშვილს, გადალახა მდინარე სუფსა, ბრძოლით გადაკვეთა აკეთი, მამათი, ლანჩხუთი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად დაესხა მათ თავს და გაიმართა ნიგოითის ბრძოლის სახელით ცნობილი შეტაკება. ერისთავმა მძიმე დარტყმა მიაყენა ოსმალებს, ბრძოლაში დაიღუპა ჰასან-ბეგი. ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში „ხასანბეგურა“. თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა - 600. სელიმ-ფაშას ძირითადმა კორპუსმა უკან იბრუნა პირი და ჩოლოქისკენ დაიხია, მაგრამ მას ივანე ანდრონიკაშვილი წამოეწია და გაიმართა გადამწყვეტი ჩოლოქის ბრძოლა.

რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა. კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ქართველთა ჯარმა - 1500 კაცი. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშა მტრის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.

ყირიმის ომის დროს თავი გამოიჩინეს გურულმა თავადაზნაურებმა დავით, ლევან, მალაქია, ესე და დიმიტრი გურიელებმა, ხახუტა, ანტონ და მიხეილ ნაკაშიძეებმა, დათა ღლონტმა, ლევან ერქომაიშვილმა, მაქსიმე პაპუნაიშვილმა და სხვებმა.

1877-78 wlebis omi

1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. გურია შედიოდა კავკასიის ფრონტში. ომის დროს მთელ საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა და ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გაჩაღდა. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მცხოვრებთაგან შემდგარი მოხალისეთა მილიცია. ნაცვლად გაწვეული ათასი ადამიანისა, შეიკრიბა სამი ათასი მოხალისე. ბევრი ბევრი გურული მილიციაში არამხოლოდ პატრიოტული მოსაზრების გამო ეწერებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მილიციის წევრობა იძლეოდა უპირატესობებს. მილიციის წევრი დაცული იყო პრისტავის თვითნებობისგან, არ იხდიდა გზის საერთო ბეგარას, შესაძლებელი იყო აერჩიათ მამასახლისად.

რიონის მხარის მთავარსარდალი იყო გენერალ ლეიტენანტი ოკლობჟიო. რუსეთის ძალებში შედიოდა 51 600 მებრძოლი 20 ქვემეხი, აქედან ოზურგეთის რაზმი 25 ათასი მებრძოლი და ორი ბატარეა. შტაბის უფროსი იყო გენერალ-მაიორი გაბრიელ ყაზბეგი. ოსმალეთის ანატოლიის არმია მოიცავდა 70 000 მებრძოლს და 96 ქვემეხს. ომის დაწყებისთანავე ანატოლიის არმიის დასახმარებლად დაიძრა სიროს 33000-იანი და მუშირ-მუხტარ ფაშა 22 000-იანი კორპუსებით. არმიის შტაბს სათავეში ედგა მეხმედ ფეიზფშა, ცხენოსანთა კორპუსს სარდლობდა ყოფილი რუსი ოფიცერი გაზი მაგომი, შამილი და გენერალი მუხაფაშა კურდუხიაკი. მათი მიზანი იყო ბათუმიდან ქუთაისისკენ შეტევა ოზურგეთის გავლით.

რუსული არმიის გეგმის მიხედვით უნდა შეეტიათ 1877 წლის 12 აპრილს ჩოლოქის საზღვარზე სამი კოლონით. შეკვეთილის წმ ნიკოლოზის პორტიდან შეუტევდა კოლონა ალექსანდროპოლის პოლკის მეთაურის თავად აბაშიძის მეთაურობით, შუა კოლონა იყო გენერალ-მაიორ შელემეტიევისა, რომელშიც შედიოდა ქართველთა ქვეითი დრუჟინა თავად იასონ ჭავჭავაძის მეთაურობით. ის გაემართებოდა ოჩხამურისკენ. ექადიიდან გენერალ-მაიორ დანიბეგაშვილის კოლონას ესე გურიელის გურულ ქვეით დრუჟინასთან ერთად უნდა გადაელახა მდინარე ჩოლოქი. მათთან ერთად იყვნენ საკორდონო ხაზის უფროსი გრიგოლ გურიელი, რაზმის კომენდანტი პოდპოლკოვნიკი მეფისოვი, პოლკოვნიკი მიქელაძე სარდლის ადიუტანტი შტაბს კაპიტანი ყაზბეგი. ოზურგეთს იცავდა გენერალ-მაიორი ლევან გურიელი, რომელიც შემგომ პოლკოვნიკმა გურჩინმა შეცვალა.

ჩოლოქის საგუშაგო მარტივად დანებდა რუსებს. დანიბეგაშვილს მხოლოდ ერთდღიანი ბრძოლა დასჭირდა. ორივე შეერთებული კოლონა ერთად დაიძრა ლეღვა-ოჩხამურის მიმართულებით. ოსმალეთის ჯარი გამაგრებული იყო მუხაესტატესთან. დიდი ბრძოლისა და დანაკარგებისა ფასად აიღეს რუსებმა მუხაესტატე. 14 აპრილს შერემეტოვის კოლონაც მუხაესტატეში შევიდა. ოკლობჟიო ორი კვირა დაყოვნდა მუხაესტატეში. ბჭობდა ციხისძირის აღებაზე, რომელიც აუღებლად ითვლებოდა. რუსეთის არმიას გააჩნდა მტკიცე ზურგი, 27 ბატალიონი და 56 ქვემეხი. მის წინააღმდეგ ზოგი მონაცემით იყო 20 ათასიანი ქვეითი ბატალიონი 25 ქვემეხით. შესვენების დროს ოკლობჟიომ სცადა ოზურგეთ-შეკვეთილის გზის შეერთება, კორპუსის სურსათის შევსება და ახალი ძალებით შევსება ოზურგეთიდან.

შემდეგი ბრძოლები იყო ხუცუბანსა და ციხისძირში, სადაც იბრძოდა პოლკოვნიკ ბეჟიაშვილის 151-ე ქვეითი პიატიგორსკის ლეგიონი. გურიის რაზმს ქობულეთის რაზმი დაერქვა, მაგრამ უკვე წინ ვერ მიდიოდნენ, რადგან ოსმალებს ძლიერი პოზიციები ჰქონდათ. 25 აპრილს ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა რუსის ჯარი. 11 ივნისს გახსნეს ცეცხლი სოფელ სამებადან ციხისძირისკენ ქვემეხებით. იქედან ისროდნენ საპასუხოდ. 100-ზე მეტი ქვემეხის ხმა ოზურგეთამდე აღწევდა. გრიგოლ გურიელს არ სჯეროდა ციხისძირის აღების შესაძლებლობისა, ამიტომ წინა დღეს მიატოვა ფრონტი და ოზურგეთში დაბრუნდა. 16-17 ივნისის ბრძოლები იყო წარუმატებელი რუსეთის ჯარისთვის, ორივე მხარეს დაიღუპა 1000 მებრძოლი.

1877 წლის 23 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში, როდესაც სტრატეგიული სიმაღლის აღება გურიის ლაშქრის მეოთხე ასეულს დაევალა, შეტევის დროს გმირულად დაიღუპა 16 ლიხაურელი ახალგაზრდა. ასმეთაურ კაპიტან მაყაშვილს ხუცუბნის აღების გამო წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი მისცეს მამაცობისთვის. 1878 წლის 18 იანვარს ხუცუბნის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარებს შორის. სოფლის ტერიტორიაზე აღმართულია რუსთა და ქართველთა საძმო სასაფლაოები. ერთი მათგანი არის კავკასიის მე-2 მსროლელთა ბატალიონის 76 წევრისაა, ხოლო მეორე - გურიის პირველი ფეხოსანი დრუჟინის 38 მებრძოლისა.

გენერალი კოლუბიაკინი იტყობინებოდა, რომ გურიის მილიცია ომში მუდამ წინ იყო და საკუთარ მხრებზე გადაიტანა ომის მთელი სიმძიმე. გურულები მონაწილეობდნენ ბრძოლებში ასევე არდაგანისა და ყარსის მიდამოებში.

ვიკიციტატა
„უკანასკნელად თათრებთან ჩხუბში მეც ვღებულობდი მონაწილეობას. ქობულეთი, ციხიძირი, ჩაქვი, არდაგანი და ყარსი ჩვენი სისხლით აღებულია. ჩვენი ხალხის მილიცია ვიბრძოდით, რომ დაგვეფარა მამული და დავიფარეთ კიდევაც. ხალხი უკეთ დაიცავს თავის მამულს, ვიდრე სალდათი და კაზახი რუსი. ამას ამტკიცებს ჩვენი თათრებთან ჩხუბი და ახლანდელი იაპონიის ჩხუბიც“
(ჟურნალი „მოგზაური“)

firaloba

ამ ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის შედეგად რუსეთმა ქვემო გურია და აჭარა შეიერთა, მაგრამ ოზურგეთის მაზრის საზღვრები იგივე დარჩა, ქვემო გურია ბათუმის ოლქში მოექცა. მილიცია არ დაშალეს და მეომრები ოჯახებს არ დაუბრუნეს. ამან წარმოშვა ფირალობა, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში ფართოდ გავრცელდა. ცნობილი ფირალები იყვნენ ნიკოლოზ მეხუზლა, სისონა დარჩია, დათულია სურგულაძე (მაკვანეთიდან), გოგია ლომჯარია (წითელმთიდან), დათა მიქელაიშვილი (მელექედურიდან). 1880 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ფირალებთან საბრძოლველად გაიგზავნა „მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნა“, რომელიც ცოტა ხანს ოზურგეთში გაჩერდა, შემდეგ კი ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენა, სადაც ფირალები იყვნენ. ამ საშუალებით რამდენიმე ტყეში გავარდნილიც შემოირიგეს და ოთხი თვის განმავლობაში მაზრაში სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ სიმშვიდე მალევე დაირღვა. 1882 წელს დაძაბული ვითარების გამო გურია გბერნატორმა შემოიარა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ ფირალების მფარველი სასტიკად დაისჯებოდა. ამან შედეგი გამოიღო, გუბერნატორს რამდენიმე ფირალი გადასცეს, ხოლო ორი ფირალი მოკლეს. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ფირალების რიცხვი შემცირების ნაცვლად, იზრდებოდა. 1882 წელს მთავარმმართებელმა დონდუკოვ-კორსაკოვმა ოზურგეთის უეზდი ადმინისტრაციული და პოლიციური კუთხით ჩამოაშორა ქუთაისის გუბერნიას და ბათუმის სამხედრო გუბერნატორს განკარგულებაში გადასცა. წესრიგის აღსადგენად მაზრაში გაიგზავნა სამეხდრო გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი ხოპერის კაზაკთა პოლკის ორი ასეული, ხოლო ქობულეთში - ერთი ბატალიონი. ამგვარად, ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიკურად დასცა. მთავრობის მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა, მაგრამ 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის საექსპერიმენტო ადგილად. 1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა და მალევე გადააგდეს. იმავე წლიდან შემოიღეს სალდათად გაყვანა, და სათემო დარაჯობა. ამ ზომებმა ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეაწუხა.

მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. პურეული მარცვლოვანებიდან მოდიოდა სიმინდი და ღომი. გურიაში, ისევე როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში ღომი თანდათან განდევნა სიმინდმა. შედარებით მცირედ იყო გავრცელებული ვაზი, ბრინჯი და თამბაქო. 1879-1912 წლებში გურიაში ბურღვით სამუშაოებს ნავთობის აღმოსაჩენად ეწეოდნენ ბრუნგე პლაშკოვსკის, ოლდენბურგელი პრინცის, ბელგიელი მრეწველის, მანთაშევის, გენრიხ მატ-ტარტის, ვიქტორიო სკოლოს, გუმმელის სკოტისა და გუსტავ ზიბერტის ამხანაგობანი.

socialur-demokratiuli moZraoba

ოზურგეთის მაზრა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტად განვითარებული და ღარიბი ნაწილი ქუთაისის გუბერნიისა. გლეხებს ვერც ბატონყმობის გაუქმებამ და ვერც საგლეხო რეფორმამ უშველა. უმიწოდ დარჩენილ გლეხს კისერზე აწვა მძიმე გადასახადები. ის იძულებული იყო, მიეტოვებინა სახლკ-კარი და სხვაგან ეძებნა სამუშაო. უმრავესობა ბათუმში მიდიოდა მუშად ნავთობგადამამუშავებელ, გემთმშენებელ ქარხნებში, ციტრუსების ბაღებში და ა.შ. ბათუმის ქარხნებში მუშათა უმრავლესობას სწორედ გურულები წარმოადგენდნენ.

სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. ბათუმში მომუშავე გურული მუშები ეცნობოდნენ მარქსისტულ იდეებს, ერთიანდებოდნენ სოციალისტურ წრეებში. XX საუკუნის დასაწყისში ოზურგეთის მაზრაში დაიწყო სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა. 1892 წელს აღინიშნა 1 მაისი. 1902 წლიდან ჩნდება სოციალ-დემოკრატიული წრეები, ეწყობოდა გლეხთა ფარული კრებები (მიქელგაბრიელში, ჯუმათში, ძიმითში). ფართოდ ვრცელდებოდა მარქსისტული ლიტერატურა, რის გამოც მეფის მთავრობამ 1902 წელს ყველა სამკითხველო დახურა. 1902 წლის ბათუმის დემონსტრაციის შემდეგ ოზურგეთის მაზრაში არსებული მოძრაობა კიდევ უფრო გააქტიურდა. 1903 წლის მაისში ბათუმში გაიმართა გურიაში მომუშავე სოციალ-დემოკრატთა კონფერენცია,რომელსაც ხელმძღვანელობდა ალექსანდრე წულუკიძე. უმიწო გლეხებმა 1903 წელს შეწყვიტეს გადასახადების გადახდა და უარი თქვეს მემამულეებთან მუშაობაზე. გურიის გლეხთა კომიტეტმა რსდმპ-ს ბათუმისა და კავკასიის კომიტეტებთან ერთად დაიწყო სახელმწიფო სამსახურების ბოიკოტი. ზაფხულისთვის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაციის მუშაობა, ფაქტობრივად, ჩავარდნილი იყო. სანაცვლოდ გურიის გლეხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული იყო გლეხთა რევოლუციური კომიტეტები. 1904 წლის 23 მაისს გაიმართა გურულ სოციალ-დემოკრატთა მეორე კონფერენცია. სოციალ-დემოკრატიული ლიტერატურისგავრცელების მიზნით ასკანა-მთისპირში მოეწყო არალეგალური სტამბა, რომელმაც 1907 წლის 17 ივნისამდე იმუშავა. სტამბას სევასტი თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.

გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. 1905 წლის დასაწყისში ყველა სოფელში შეიქმნა გლეხთა ასეულები. გავრცელდა 70 ათასი პროკლამაცია „გურიის გლეხობას“. 1905 წლის 23 მარტის ნომერში ეწერა, რომ ოზურგეთის მაზრა მზადაა რევოლუციისთვის და მას შეუძლია 15 000 შეიარაღებული პირის გამოყვანა. გურიაში აირჩიეს საკუთარი მოსამართლეები და ჩამოაყალიბებს სასოფლო თემები. გლეხმა ქალებმა მიიღეს რეზოლუცია მამაკაცებთან თანასწორობის შესახებ. 1905 წლის თებერვლისთვის გურია მთლიანად რევოლუციონერთა კონტროლქვეშ იყო.

მეფის ხელისუფლებამ გურიაში გაგზავნა სადამსჯელო რაზმი ალიხანოვ-ავარსკის მთაურობით. რაზმი სადგურ ნატანებში დაბანაკდა, გლეხობასთან მოსალაპარაკებლად კი 1905 წლის 18 თებერვალში გურიაში ჩავიდა მთავარმმართებლობის საბჭოს წევრი, სულთან კრიმ-გირეი. ბახვის თემის გლეხებთან შეხვედრისას გლეხება სოციალური და პოლიტიკური უფლებების მინიჭება მოითხოვეს. მათი მოთხოვნები ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი.

მოლაპარაკებებმა რუსეთის მმართველობასა და მეამბოხეებს შორის შედეგი არ გამოიღო, მთავრობას არ სურდა რევოლუციონერების მოთხოვნების შესრულება. მარტში მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და გაგზავნა სადამსჯელო რაზმი მეამბოხე კუთხისაკენ. რაზმი სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდა. აჯანყებულებმა 1905 წლის ოქტომბერში მოიგეს ნასაკირალის ბრძოლა, ნოემბერში აიღეს მაზრის ცენტრი ოზურგეთი და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკის შექმნა. პრეზიდენტად ბენიამინ ჩხიკვიშვილი გამოცხადდა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.

1914 წელს მაზრაში მოქმედებდა ერთი ჩაის ფაბრიკა, ერთი სახერხი ქარხანა, ორი აგურის ქარხანა და მცირე მანუფაქტურული საწარმოები. სულ დასაქმებული იყო 850 ადამიანი. ქალაქ ოზურგეთში მოქმედებდა სასულიერო და სამოქალაქო სასწავლებელი, ხოლო სოფლებში 2-3 სამონასტრო და რამდენიმე სამრევლო სკოლა, 67 დაწყებითი სკოლა მაზრას ემსახურებოდა ერთი ექიმი, რომელიც მუშაობდა ოზურგეთში და სამი საექიმო პუნქტი.

pirveli respulikis periodi

პირველი მსოფლიო ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ კავკასიის ფრონტზე საქართველო მარტო აღმოჩნდა ოსმალეთის  წინააღმდეგ. 1918 წლის აპრილში ნატანები-ჩოლოქის მონაკვეთზე გენერალ მააზნიაშვილის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს ოსმალები, მაგრამ ლიხაურის მიმართულებაზე უბრძოლველად დათმეს პოზიციები და ოსმალეთმა დაიკავა გურიის ტერიტორია, ქალაქი ოზურგეთი, ლიხაურის საზოგადოება ყველა სოფლით;, სოფ. ლაითური; ბოხვაური, ექადია, შემოქმედის საზოგადოების სოფლები კვირიკეთი, მაკვანეთი და წითელმთა.

sabWoTa epoqa

1921 წლის 15 მარტს ოზურგეთის მაზრაში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. შეიქმნა ოზურგეთის სამაზრო რევოლუციური კომიტეტი. 1922 წელს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები. მაზრა 16 საარჩევნო რაიონად დაიყო და გლეხთა და ჯარისკაცთა ყრილობის 125 დელეგატი აირჩა.

გურია აქტიურად იყო ჩართული აგვისტოს აჯანყებაში. აჯანყებულ რეზმებს მეთაურობდნენ: მათითაშვილი, მუხაშავრია, ჭანუყვაძე. აჯანყებულთა ხელში იყო ხიდისთავი, ნაგომარი, საჯავახო. 31 აგვისტოს აჯანყებულებმა იერიში მიიტანეს ოზურგეთზე, რომელიც საგანგებოდ გამაგრება უკვე მოესწროთ ოკუპანტებს. ბათუმიდან და სამტრედიიდან ჩამოსწრებულმა წითელმა რაზმებმა უკუაქციეს აჯანყებულთა იერიშები. 29 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, 5 დღის განმავლობაში გურიაში აჯანყებულები წარმატებით უმკლავდებოდნენ მძიმე ტექნიკით შეიარაღებულ წითელ არმიას. 2 სექტემბერს აჯანყებულებმა უკან დაიხიეს და ტყეებსა და მთებში გაიხიზნენ. ხალხი ორგანიზებულად გაიხიზნა სურებისკენ. რამდენიმე დღის განმავლობაში გურიის დიდი ნაწილი თავისუფალი რესპუბლიკის წესებით ცხოვრობდა, სოფლებში ტარდებოდა თავისუფალი მიტინგები. პრაქტიკულად მთელი გურია, გარდა კომუნისტებისა, საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულებს დაპატიმრებული ჰყავდათ 1800-მდე კომუნისტი, არავინ დაუხვრეტიათ, რამდენიმე ოდიოზური ლიკვიდატორის გარდა, თუმცა ხალხისგან გაისმოდა მოთხოვნა მათი ხელმძღვანელების დახვრეტის შესახებ.

1930 წელს ოზურგეთის მაზრა გაუქმდა მის ტერიტორიაზე შეიქმნა მახარაძის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები.

საბჭოთა პერიოდში გურიის ეკონომიკა ძირითადად ორი დარგის: მეჩაიეობისა და მეციტრუსეობის განვითარებას ემყარებოდა. მოქმედებდა ჩაის 24 ფაბრიკა სხვა მნიშვნელოვანი დარგები იყო: მესიმინდეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. მრეწველობის წამყვან დარგს წარმოადგენდა კვების მრეწველობა. გურიის მოსახლეობა იზრდებოდა, განსაკუთრებით იზრდებოდა მახარაძის რაიონის მოსახლეობა, რადგან ჩაისა და ციტრუსების მრეწველობის განვითარების გამო მუშახელზე მოთხოვნა დიდი იყო.

Tanamedroveoba

1990 წლის შემდეგ კატასტროფულად დაეცა გურიის ეკონომიკა. განადგურდა რეგიონის წამყვანი დარგი მეჩაიეობა, შემცირდა ციტრუსების წარმოება და მოსახლეობის რაოდენობა.

mosaxleoba

1926
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი   აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1770 30 440 17583 12,857   1897 92 212 47018 45194
1826 25 000       1902 87 455 45854 41601
1831 36 700   1908 93 157    
1846 46 000       1910 105 370 54528 50842
1860 48 000       1912 106 080 55009 51081
1865 59 502       1921 107 105    
1867 55 087 31736 23351   113 400    
1870 59 080 32011 27069   1939 132 100    
1874 54 191 29091 25100   1959 145 900    
1883 62 492       1969 149 600
1884 64 078   1979 155 000
1886 75 794 39817 35977   1989 158 100
1888 75 846 39903 35943   2002 143 400 67 036 76 090
1893 80 555 42956 37599   2014 113 350 54 660 58 690

 

1770 წელს გურიის მოსახლეობა საქართველოს (დღევანდელ საზღვრებში) მოსახლეობის საერთო რაოდენობის 4%-ს შეადგენდა. XVIII საუკუნის დამლევს იოჰან გიულდენშტედტის ცნობით გურიაში ქვემო გურიის ჩათვლით 5000 ოჯახი ცხოვრობდა. 1812 წელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჟამიანობას შეეწირა. 1831 წელს გურია მოინახულა დიუბუა დე მონპერემ, რომლის მონაცემებით გურიის ფართობი 1800 კვ. კმ. და მოსახლეობა 4300 კომლი, 36700 ადამიანი იყო (ოჯახის საშუალო სულადობა 8,5), აქედან ოზურგეთის უბანში 18430 ადამიანი ცხოვრობდა, ნაგომრის უბანში 18 270. მონპერეს მონაცემებით სიმჭიდროვე 20,3 კაცი იყო, უშუალოდ ქალაქ ოზურგეთში კი 300 ადამიანი ცხოვრობდა. გურიის მოსახლეობა 1840-იან წლებში ოზურგეთის მაზრის დაარსების დროისთვის იყო 46 ათასი ადამიანი. 1860 წელს გურიის მოსახლეობა დაახლოებით 48 ათასი იყო. 1870-იან წლებში მაზრის მოსახლეობა იყო 103 476 ადამიანი (მათ შორის 49142 ქალი და 54334 კაცი). მათგან 7 სომეხი, 14 კათოლიკე სომეხი და 81 მუსლიმი. აღრიცხული იყო თავადის 40 და აზნაურის 229 ოჯახი. სულ 594 სოფელი. 1886 წელს მაზრის მოსახლეობა 76 055 ადამიანი იყო. 1897 წელს გურიის მოსახლეობა იყო 90 326, აქედან 4710 ქალაქ ოზურგეთის. ამ დროს გურიის ტერიტორია იყო 2 259 კმ². მოსახლეობის 95,3% იყო ქართველი, 3,3% - ბერძენი. 50 კომლი რუსი ცხოვრობდა, სულ 211 ადამიანი (117 მამრობითი, 94 მდედრობითი სქესის), აქედან უშუალოდ ქალაქში 20-მდე რუსი ყოფილი ჯარისკაცი ცხოვრობდა. მაზრის მოსახლეობის 98% იყო გლეხობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების 40%-ს ფლობდა. 1908 წლისთვის მოსახლეობამ მიაღწია 93157-ს, ხოლო 1911 წლისთვის - 126 ათას ადამიანს.

1921 წლისთვის გურიის მოსახლეობა იყო 107 105, ტერიტორია 2 099,86 კვადრატული კილომეტრი, ოზურგეთი იყო ერთადერთი ქალაქი 5626 მცხოვრებით და ლანჩხუთი ერთადერთი დაბა 2500 მცხოვრებით. საბჭოთა პერიოდში გურიის მოსახლეობა იზრდებოდა, განსაკუთრებით იზრდებოდა მახარაძის რაიონის მოსახლეობა, რადგან ჩაისა და ციტრუსების მრეწველობის განვითარების გამო მუშახელზე მოთხოვნა დიდი იყო. მიუხედავად ამისა, გურიაში მოსახლეობის ზრდა ჩამოუვარდებოდა ქვეყნის საერთო მაჩვენებელს. 1926 წელს გურიას ქვეყნის მოსახლეობაში 4,24%-იანი წილი ეკავა. 2002 წლისთვის კი 3,3%.

2014 წლის აღწერის მონაცემებით გურიის მოსახლეობის რაოდენობა 113 ათასია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,1%-ს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე არის 55,7 კაცს. მოსახლეობის 98% ეთნიკურად ქართველია, 1% - სომეხი. ძირითადად ცხოვრობენ გურულები, მოსახლეობის დაახლოებით 10-12% აჭარელია. მოსახლეობის 86% მართლმადიდებელია, 11,4% - მუსლიმი. მხარეში შეინიშნება მოსახლეობის ბუნებრივი ასევე მექანიკური (მიგრაცია) კლება. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 189 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 2 ქალაქი (ოზურგეთი და ლანჩხუთი), 5 დაბა (ჩოხატაური, ურეკი, ნარუჯა, ლაითური, ქვედა ნასაკირალი) და 182 სოფელი. მხარის ურბანიზაციის დონე დაბალია. ქალაქებსა და დაბებში ცხოვრობს მოსახლეობის 28%, ხოლო სოფლებში - 72%. მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთი სოფელი.

ekonomika

გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მიწათმოქმედება, მევენახეობა, მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა. ღვინო, თაფლი და აბრეშუმის ნაწარმო ექსპორტის საგანს წარმოადგენდა. გურიაში სამეგრელოს მსგავსად მაღლარი ვაზი იყო გავრცელებული. გურიაში მრავალი ჯიშის ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით გურიაში „ღვინო კეთილი და შემრგო“ დგებოდა. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ბურგუნდიულ ღვინოს ადარებდნენ. 1850-იან წლებში გავრცელებულმა ვაზის დაავადებებმა ვენახები თითქმის გაანადგურა. დაავადებების გავრცელებას გურიის ზღვასთან სიახლოვე უწყობდა ხელს. ამის გამო 1870-იანი წლების ბოლოს კი დაავადებებისადმი გამძლე ჰიბრიდის, ადესად“ ცნობილი იზაბელას გაშენება დაიწყო, რომელმაც გურიაში არსებული ადგილობრივი ვაზის ჯიშები ჩაანაცვლა.

გავრცელებული მარცვლეული კულტურები იყო ღომი, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა სიმინდმა, აგრეთვე პარკოსნები: ლობიო, ცერცვი, ხანჭკოლა. თესავდნენ სელს და ბამბას. 1900-იანი წლებიდან მხარის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა მეჩაიეობა. 1914 წელს აშენდა ჩაის პირველი გადამამუშავებელი ფაბრიკა. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა მონოკულტურად იქცა, რომელმაც მანამდე არსებული ყველა სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგი განდევნა. 1990-იანი წლებიდან მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა თხილი.

გურიაში მესაქონლეობა დაქვემდებარებულ როლს თამაშობდა, თუმცა საკმაო რაოდენობით იყო ცხენი, ხარ-ძროხა, თხა, კამეჩი, შინაური ფრინველი და განსაკუთრებით მრავლად ჰყავდათ ღორი. იშვიათი იყო ცხვარი კლიმატური თავისებურების გამო. აჭარა-გურიის ქედის კალთები დაფარული იყო ტყეთა ტევრებით და ამ მზარის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა ნადირობა. ნადირობდნენ ირემზე, შველზე, არჩვზე, გარეულ ღორზე, დათვზე.

XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გურიას სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა იმერეთთან და ახალციხის საფაშოსთან. გურიის მთისწინა სოფლებში მოსახლეობა მასობრივად ეწეოდა ხელოსნობას, ხის ჭურჭლისა და სხვა ნივთების დამზადებას. 1840-იანი წლებიდან ქალაქ ოზურგეთში ვითარდება მანუფაქტურა, აგურისა და თიხის წარმოება, მეთუნეობა, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მაღალ დონეზე იდგა არყის წარმოება, XIX საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ხე-ტყის დამზადებას.

 

დედაქალაქი ოზურგეთი
ენები ქართული, რუსული
პოლიტიკური სტრუქტურა რესპუბლიკა
პრეზიდენტი - 1905-1906 ბენიამინ ჩხიკვიშვილი
ისტორია
შეიქმნა
ბახვის მანიფესტი
ნასაკირალის ბრძოლა
გაუქმდა
 
1905
23 თებერვალი, 1905
2 ნოემბერი, 1905
1906
ფართობი - 1905 2 030,1 კმ² (784 მლ²)
ვალუტა რუსული რუბლი
დღეს ამ ტერიტორიაზე გურიის მხარე